logo
ENG



კობახიძე ზურაბიშვილს "სულით და გულით ენჯეოშნიცას" უწოდებს

30 ოქტ 202414:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/30/l032gc1vfinn44c.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს "სულით და გულით ენჯეოშნიკს, თუ ენჯეოშნიცას" უწოდებს.

ამის შესახებ მან პროკურატურის მიერ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

კობახიძე "დარწმუნებულია", რომ პრეზიდენტს "არ აქვს წარსადგენი ფაქტები და გამომდინარე აქედან, ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას".

"კეთილი ინებოს, სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, წარადგინოს პროკურატურაში, შესაბამის უწყებებში, ნუ საუბრობენ ზეპირად ისეთ რამესთან დაკავშირებით, რაც ბუნებაში არ მომხდარა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა - სალომე ზურაბიშვილი, შეგახსენებთ, რომ მართალია სულით და გულით არის ენჯეოშნიკი, თუ ენჯეოშნიცა, მაგრამ თავის თანამდებობით არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. მას აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა, არ აქვს უფლება ისაუბროს ზეპირად, თუ რაიმეზე აქვს ფაქტი, ეს ფაქტი უნდა წარადგინოს პროკურატურაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, გამომდინარე იქიდან, რომ არავითარი ფაქტი არ აქვს, ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას და ვერ მისცემს ვერავითარ ინფორმაციას პროკურატურას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელსაც ზეპირად აჟღერებს", - ამბობს კობახიძე. 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", გამოძიება დაიწყეს.

მათი თქმით, გამოკითხვაზე იბარებენ პრეიზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

გუშინ, 29 ოქტომბერს ცესკო-მ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უწყებას "უსაფუძვლო ბრალდებებით ესხმიან თავს და რეპუტაციულ ზიანს აყენებენ".

განცხადებაში ცესკომ მიმართა პროკურატურას, "გარემოებების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს პრეზიდენტის, პოლიტიკოსების განცხადებები", დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება.  


close დახურვა